mowyalebis centris Sesaxeb

ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულმა მოწყალების ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო 2006 წელს. ცენტრი ეწევა საგანმანათლებლო, სამედიცინო და სოციალურ საქმიანობას, რომლის ძირითადი მიმართულებებია:

1.    პროფესიული კოლეჯი
2.    სასნეულო სახლი - ჰოსპისი
3.    ბინაზე მოვლის სამსახური

ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრის ძირითადი საქმიანობაა სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე მყოფი, სხვადასხვა ქრონიკული, უკურნებელი დაავადების მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის მაქსიმალური უზრუნველყოფა. ისინი მედიცინის სფეროში ინკურაბელურ ავადმყოფთა ჯგუფს განეკუთვნებიან.

მედიცინაში გამოიყო ახალი მიმართულება, რომელსაც პალიატიური მზრუნველობა ეწოდება. ცნება – პალიატიური მზრუნველობა 2002 წლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტების მიხედვით, ნებისმიერი უკურნებელი ქრონიკული სნეულებით დაავადებულების ტერმინალურ სტადიაში სამედიცინო მზრუნველობას მოიცავს. რაც უფრო ადრე იქნება გაწეული ამ ტიპის დახმარება, მით მეტია ავადმყოფის და მისი ოჯახის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობა.

საქართველოში პალიატიური მედიცინის ცნების შემოტანა და დამკვიდრება ა/ო ონკოპრევენციის ცენტრს უკავშირდება, რომელთანაც საწყისი ეტაპებიდანვე თანამშრომლობს ფერისცვალების დედათა მონასტერი. ასეთი პაციენტებისათვის მზრუნველობის გაწევა მრავალპროფილიანი გუნდის შეთანხმებული მუშაობით მიმდინარეობს, სადაც სამედიცინო და ძირეული მოვლის გვერდით სულიერი და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრი ცდილობს პროფესიული სამედიცინო და მოვლითი ღონისძიებები სულიერად მდიდარ ეკლესიურ გარემოში განხორციელდეს პალიატიური ტიპის პაციენტების მიმართ.

ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, აგრეთვე, პროფესიული კოლეჯი, რომლის დანიშნულებაა აღზარდოს კვალიფიციური სამედიცინო განათლების მქონე, გულისხმიერი და სულიერად მომზადებული პერსონალი - მოწყალების დები.