dedaTa monastris istoria

ფერისცვალების დედათა მონასტერი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ - თბილისის ცენტრში. იგი ცნობილია, როგორც დარეჯანის სასახლე - "საჩინო".

დარეჯან დედოფლის სასახლე მეტეხის გორაზედ გვიან შუასაუკუნეების პერიოდის ძეგლია. იგი 1776 წელს მეფე ერეკლეს მეუღლეს, დარეჯან დედოფალს აუგია ავლაბრის ტერიტორიაზე ძველი ციხის ნანგრევებზე. სასახლის გვერდით დგას  მეფისა და დედოფლის მფარველი წმინდანების - წმ. ერეკლესა და წმ. დარიას სახელობის ტაძარი.

დარეჯან დედოფლის თაოსნობით აშენებული ეკლესია და სასახლე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ქვის გალავნით არის შემოსაზღვრული. სასახლეს და კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიას იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი ქართულ - სპარსული არქიტექტურული მორთულობა და სინთეზი ახასიათებს. სასახლის ინტერიერიც ირანულ ყაიდაზეა მორთული. სასახლეც და ეკლესიაც გვიან შუასაუკუნეების თბილისის ისტორიული ძეგლების ანალოგიურია.

ფერისცვალების ტაძარი ბაზილიკური სტილის ნაგებობაა. ტაძარი გადახურულია კრამიტით, დასავლეთის მხრიდან  მიშენებული აქვს სამრეკლო. ტაძრის ფრესკები ნაწილობრივ დაზიანებულია, შემორჩენილია ძველი და ახალი აღთქმის ცალკეული გამოსახულებები. ფრესკები არ არის ქართული. მხატვრული გადაწყვეტით ის რენესანსის პერიოდის რეალისტური სტილისკენაა მიდრეკილი. საკურთხეველი ახლიდან მოიხატა ტაძრის მღვდელმსახურის დეკანოზ იოსებ ვანიძის მიერ.

ერეკლე მეფის გარდაცვალების შემდეგ (1798 წ.), დარეჯან დედოფალმა სამშობლოში ყოფნის ბოლო წლები ამ სასახლეში გაატარა.

1803 წელს რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, დედოფალი პეტერბურგში გადაასახლეს.

1807 წელს სამშობლოს მონატრებით დატანჯულმა დედოფალმა უცხოობაში მიაბარა სული უფალს.

1819 წელს საქართველოს ეგზარქოსმა - თეოფილაქტემ (რუსანოვი) რუსეთის წმინდა სინოდისაგან ითხოვა ლოცვა-კურთხევა დარეჯან დედოფლის ყოფილ რეზიდენციაში მამათა მონასტრის გახსნასთან დაკავშირებით. ამ მონასტერში ბევრი ცნობილი სასულიერო პირი მოღვაწეობდა: ამბროსი ხელაია, ალექსანდრე ოქროპირიძე, ფილადელფოს კიკნაძე.
კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ფერისცვალების მონასტერი დაიხურა. ეკლესიას საწყობადაც იყენებდნენ, იქ მუზეუმიც იყო, შემდგომში ერთი მსახიობის თეატრი დაარსდა და 90-იან წლებამდე თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა.

1990 წლიდან ეკლესია საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით დაარსდა დედათა მონასტერი.

 მონასტრის წინამძღვარია იღუმენია მარიამი (ნინო მიქელაძე).

უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მონასტერი წლების განმავლობაში ეწევა სოციალურ საქმიანობას.